მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები (ჯამში 105 პირი) კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში სამი თვის განმავლობაში თავიანთი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.
ამის შესახებ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიაში მზად არიან, ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში მომავალში საჭიროებისამებრ დამატებითი წვლილი შეიტანონ.
„მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წევრები ჩვენი პარტიიდან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ ეპიდემიამ რაც შეიძლებ მცირე ზიანი მიაყენოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. საერთაშორისო შეფასებებით აღიარებულია, რომ ქართული ოცნების“ ერთიანმა სახელისუფლებო გუნდმა მაქსიმალურად ეფექტიანად გაართვა თავი ამ ეტაპზე ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს, მიუხედავად ამისა, პარტიაში არ წყდება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა დამატებითი წვლილის შეტანა შეუძლია პარტიას და მის თითოეულ წევრს ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში გვთავაზობენ საკუთარ იდეებსა და კონკრეტულ ინიციატივებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომელთა ოჯახებსაც აქვთ დამატებითი კომერციული შემოსავლები, სოლიდური თანხები გაიღეს ეპიდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში, თითოეულმა წევრმა მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი ხელფასის 1/3. საჭიროებისამებრ მომავალში მზად ვართ დამატებითი წვლილი შევიტანოთ ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ვინც დასაქმებული საჯარო სექტორში, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.